შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ზამთრის/ზაფხულის სკოლა 2018 წლის 17 თებერვლიდან ხორციელდება. ბიზნესის მართვის ფაკულტეტი ზამთრის/ზაფხულის სკოლის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ პროექტს: „ჩემი ბიზნეს გასაღები“, რომლის მიზანია მოსწავლეებს გაუზიაროს საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, წარმოდგენა შეუქმნას საფაკულტეტო სასწავლო კურსებზე, მიაღებინოს ანალიტიკური, ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, პრაქტიკული ქეისების განხილვის გამოცდილება, გაუუმჯობესოს აკადემიური უნარ-ჩვევები, ასწავლოს უნივერსიტეტის პროფესორებთან, წარმატებული კომპანიის მენეჯერებთან და პრაქტიკოსებთან მუშაობა და შუექმნას მათ ინტერნაციონალური სტუდენტური გარემო.
პროექტში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სურვილი აქვთ სამომავლო გეგმები დაუკავშირონ ბიზნეს-საქმიანობას.
პროექტის ფარგლებში განიხილება შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის, ფინანსებისა და ტურიზმის სფეროში არსებული აქტუალური საკითხები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოისმინონ საჯარო ლექციები და გაეცნონ ცნობილი კომპანიების მაგალითებზე დაფუძნებული რეალურ ქეისებს. პროექტს უძღვებიან ბიზნესის მართვის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები, ცნობილი კომპანიის მენეჯერები და პრაქტიკოსი ლექტორები. სკოლის მოსწავლეთათვის პროექტში მონაწილეობა უფასოა.
პროექტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულნი ფაკულტეტის სტუდენტები.
პროექტი სრულდება “ბიზნეს თამაში (Business Game)’’ -ით, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. პროექტის ყველა მონაწილეს კი _ ორენოვანი სერტიფიკატი.